აქცია სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, მთავრობის სახლთან გამართული აქცია გვიან ღამით დაიშალა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინეს. ოპოზიცია ე.წ პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცედურის დაწყებას, შერეულ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლასა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ქალაქის ცენტრში აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დრამატული თეატრის შენობის წინ მოედანზე გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევასა და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა „პარლამენტის“ წინ შეკრებილი მომიტინგეები კვამლის გამშვები სპეციალური საშუალებებით დაშალეს.