მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „ხუდონჰესის“ პროექტის შესაძლო განახლებას აპროტესტებს. შეკრებილების თქმით, „ხუდონჰესის“ ძველი პროექტის მიხედვით, დაიტბორება ხაიშის თემის სოფლების უდიდესი ნაწილი, განადგურდება მეექვსე საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი, მონასტერი და წინაპართა საფლავები. გადასახლებას კი დაექვემდებარება 1000-მდე ადამიანი. შეკრებილებმა პეტიციაც შეიმუშავეს, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავენ. პეტიციაში სამი მთავარი მოთხოვნაა გაჟღერებული: პირველი – დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება. მეორე – დიალოგი მოსახლეობასთან და მესამე, შემუშავდეს ენერგეტიკის განვითარების ალტერნატიული და მდგრადი გეგმა, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კი შეწყდეს „ხუდონჰესთან“ დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოები.