აქცია სოფელ ჭალადიდში
ჭალადიდის ცენტრში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფელს წყალი არასტაბილურად მიეწოდებოდა, ბოლო ხუთი დღეა კი წყლის მიწოდება საერთოდ შეწყდა. ადგილობრივების თქმით, შექმნილმა ვითარებამ მათი ყოველდღიური ცხოვრება და საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაართულა. მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე კონკრეტული რეაგირება ან პასუხი არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, საკითხზე დროულად მოახდინონ რეაგირება და სოფელში წყალმომარაგება უმოკლეს ვადაში აღადგინონ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების შეფერხება, ბუნებრივ წყაროში წყლის დებიტის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. შედეგად, სათავე ნაგებობაზე სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მიღება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. არსებული წყლის რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილებისა და წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის მიზნით, ყველა შესაძლო ტექნიკური ღონისძიება ტარდება.