აქცია შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით „მზიურის პარკში“

მთავრობის კანცელარასთან გამართული აქციის მონაწილეების ნაწილმა მოგვიანებით „მზიურის პარკში“ გადაინაცვლა, სადაც აქციას მართავდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განათლების სექტორის გახსნასთან დაკავშირებით, მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვს. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რეკომენდაციების დაცვით აპირებს მთავრობა სასწავლო პროცესის აღდგენას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი არა სასწავლო პროცესის აღდგენის თარიღია, არამედ კონკრეტული გეგმა და რეკომენდაციები, რომელიც მოსწავლეებს ადგილზე შესრულებული დახვდებათ.