აქცია საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

ხმაური და დაპირისპირება წალენჯიხაში – სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა. მათ ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. პოლიციამ ადგილიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი გაიყვანა.

აქციის მონაწილეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე შეხვდნენ. ასევე ადგილზე იმყოფებოდა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ეწერფერდის გზის რეაბილიტაციას, რადგან მისი განმარტებით, პროექტში თანხა არ იყო მითითებული. მერის განცხადებით, პროექტს კვლავ შეიტანენ საკრებულოში და მომავალი წლის გაზაფხულიდან მისი განხორციელება დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ეწერფერდის მოსახლეობის პრობლემებს „მოამბე რეგიონებში“ არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა.