გუშინ პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან აუწყების განმარტებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი. ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს. მალევე გამზირზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მოგვიანებით მოხდა გზის სავალ ნაწილზე მყოფი მოქალაქეების იდენტიფიცირებაც და მათი დაკავებაც. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია, რომლის შესახებაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელა და მის დაკავებას ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის რეჟიმის მხრიდან შევიწროება უწოდა. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით დღეს დილიდან რამდენიმე პირი დააკავა, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე პირის დაკავების ან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ცნობებიც.