სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულ გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება შესაძლებელი. უგზოობა პრობლემას ქმნის ბარში დარჩენილი მსხვილფეხა საქონლისთვის, ასევე ტურისტული ბიზნესისთვის, რადგან ჯავშნები უქმდება.
გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს „სვისკოს“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის გასაწმენდად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა, ზვავები და მეწყრული პროცესები სამუშაოების დასრულებას აფერხებს, რასაც უამინდობაც ემატება. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.