აქცია პირველ არხთან

საქართველოს პირველი არხის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ტელევიზიის შენობასთან იმყოფებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ რამდენიმე თანამშრომელი. მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს არხის ხელმძღვანელობა, პირდაპირ ეთერში გაშუქდეს საპროტესტო აქციები, უზრუნველყოფილი იყოს მათთვის და სხვადასხვა პროფესიული წრისთვის საეთერო დროის დათმობა. საკუთარი მოთხოვნები აქციაზე მყოფთა საინიციატივო ჯგუფმა პირადად გააცნეს ტელევიზიის გენერალურ დირექტორს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყების დღიდან „მოამბე“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა აქციას პირდაპირ ეთერში უწყვეტად აშუქებს. ახლაც, ისევე როგორც მანამდე, უზრუნველყოფილია ყველა პოლიტიკური მხარის პოზიციების ასახვა. პირველი არხის მაყურებელს დღესაც უნდა მოესმინა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისთვის, რაც აქციის მონაწილეების მოთხოვნაც იყო. „მოამბის“ მთავარი გამოშვების ფორმატში დღეს ჩვენი სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ ოთხი ოპოზიციური სუბიექტის ლიდერები, თუმცა უკვე მიღწეული შეთანხმება დღის ბოლოს შეიცვალა. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ მათთვის განკუთვნილი დრო პირველი არხის შენობასთან შეკრებილებს დაეთმოს.