საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ის აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ტელევიზიის ძველ შენობასთან მართავდნენ აქციებს. შეკრებილების განცხადებით, პირველი არხი დაკავებულების სასამართლო პროცესებს სრულფასოვნად არ აშუქებს. ასევე აქციის მონაწილეები ითხოვენ პირდაპირი ეთერის დათმობას. აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდნენ როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები, ისე აქციის სხვა მონაწილეები. მათი განცხადებით, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციები პერმანენტულად უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს მაუწყებლის ძველ შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან.
გაგაცნობთ აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას: „საქართველოს პირველი არხი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამომწურავად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს, ზედმიწევნით ასრულებს რა თავის მისიას და მოვალეობებს, პრაქტიკად ვერ და არ დაამკვიდრებს სხვადასხვა ფორმატით ეთერის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფორმატები იგეგმება თავად მაუწყებლის მიერ და წარმოადგენს მხოლოდ არხის სარედაქციო ნაწილს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს ჟურნალისტური სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც ყოველთვის გულისხმობს მეორე მხარის არსებობას პროგრამაში, სადაც ოპონენტი არა წამყვანი, არამედ მოპასუხე მხარეა“ – აცხადებს საქართველოს პირველი არხი.