საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან ნოემბრის აქციებისას დაკავებულების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ის აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ტელევიზიის ძველ შენობასთან აქციებს დღემდე მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პირველი არხი დაკავებულების სასამართლო პროცესებს არასრულფასოვნად აშუქებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა სასამართლო პროცესები ლაივ რეჟიმში სრულად გადაიცეს და დაკავებულების ოჯახის წევრებს პირდაპირი ეთერი დაეთმოთ. გაჟღერდა ინიციატივა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პირველი არხის ახალი შენობის წინ აქციები პერმანენტულად გაიმართოს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მაუწყებლის ძველ შენობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას გაგაცნობთ.
„საქართველოს პირველი არხი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამომწურავად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს, ზედმიწევნით ასრულებს რა თავის მისიას და მოვალეობებს, პრაქტიკად ვერ და არ დაამკვიდრებს სხვადასხვა ფორმატით ეთერის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფორმატები იგეგმება თავად მაუწყებლის მიერ და წარმოადგენს მხოლოდ არხის სარედაქციო ნაწილს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს ჟურნალისტური სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც ყოველთვის გულისხმობს მეორე მხარის არსებობას პროგრამაში, სადაც ოპონენტი არა წამყვანი, არამედ მოპასუხე მხარეა“ – აცხადებს საქართველოს პირველი არხი.