საქართველოს პირველ არხთან საპროტესტო აქცია დღესაც იმართება – მოქალაქეები ტელევიზიასთან საღამოს 19:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მოთხოვნაა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადადგომა და საღამოს და დღის ეთერის დათმობა.
აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, განაგრძობს თუ არა პირველი არხი 30 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ სპეციალურ ეთერს, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდნენ.
ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა საცდელი მაუწყებლობა დაიწყეს, რომელიც ფეისბუქზე შექმნილი გვერდის, სახელწოდებით – „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, ლაივსტრიმით ხორციელდება. დღევანდელი ეთერი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას დაეთმო.