აქცია პირველ არხთან

12:21, 13.03.2025

თეატრალური უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე დებატები ხვალ, 22:00 საათზე, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართება. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და რამდენიმე სტუდენტი. შეთანხმება ამის შესახებ გუშინ გვიან ღამით შედგა, უნივერსიტეტის რექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე. სტუდენტების განცხადებით, გიორგი შალუტაშვილი, რომელიც გუშინ პირველი არხის გადაცემაში სტუმრად იყო, „ვერ დაითანხმეს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ჩამოსვლაზე, რომ მას იქ გაეკეთებინა განცხადება, თუმცა, სტუდენტების თქმით, რექტორმა პირობა დადო, რომ პარასკევს ეთერში სტუდენტებთან ერთად დაჯდება და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს. ეთიკის კომისიამ რამდენიმე დღის წინ პროტესტის მონაწილე 10 სტუდენტს სტატუსი შეუწყვიტა და ამის შესახებ გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით აცნობა. სტუდენტები ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო 5000 ლარითაც დააჯარიმეს. აქცია პირველ არხთან გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილ სტუდენტებს მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები შეუერთდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადაცემაში „დღის თემა“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, მაკა ვასაძესთან ერთად სტუმრად იყო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილიც. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რექტორი გადაცემაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, ამიტომ სტუდენტებისთვის ეთერის დათმობა მოითხოვეს. ამ მოთხოვნას პირველ არხთან შეკრებილები ხმაურის და შეძახილების ფონზე აჟღერებდნენ. სტუდენტები და რუსთაველის გამზირიდან შემოერთებული აქციის მონაწილეები ტელევიზიის რამდენიმე შესასვლელთან გადანაწილდნენ, სადაც ეთერიდან რექტორის გამოსვლას ელოდებოდნენ, მათი განმარტებით, მათ გიორგი შალუტაშვილთან პირისპირ საუბარი სურდათ.

მსგავსი