აქცია პენიტენციურ სამსახურთან
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ნომერ მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა გიორგი დავითაძეზე სექსუალურად იძალადეს და დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. ასევე, ოჯახის მოთხოვნაა რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობიდან გადადგომა, მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათ მოთხოვნებს რეალური რეაგირება არ მოჰყვება. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობიდან აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადმოინაცვლეს და აქცია გამართეს. შეგახსენებთ, რომ პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. საკითხთან დაკავშირებით, პენიტენციურმა სამსახურმა მალევე გაავრცელა განცხადება და ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.