აქცია პარლამენტთან - „მოამბის“ პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან

პროტესტი – დღე მესამე.

რუსთაველის გამზირი ისევ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციამ მოიცვა. არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ამ ლოზუნგით ადგილზე შეკრებილები პროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეებისთვის რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული პროექტი, რომელიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო და მედია – ორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციების წარდგენას და უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლებად დარეგისტრირებას ავალდებულებს. წინა დღეების მსგავსად, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ვითარება პერმანენტულად იძაბება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მიახლოებას ცდილობენ.