აქცია პარკის შენარჩუნების მოთხოვნით

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების მოთხოვნით, აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, თბილისის მერიამ მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ფეხბურთის ფედერაციას ერთი ჰექტარი მიწა გადასცა, სადაც ისეთი სტადიონის აშენებას აპირებენ, რომელიც ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მოსახლეობა ითხოვს სტადიონის ასაშენებლად ფედერაციას ალტერნატიული ფართი გადაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ადგილობრივებმა პერფორმანსის სახით ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. „მოამბე“ პასუხისთვის დედაქალაქის მთავრობას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ რომ მითითებულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტის საფეხბურთო მოედანთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.