აქცია ორთაჭალის ავტოსადგურთან

აქცია გაიმართა ორთაჭალის ავტოსადგურთან. ტაქსის მძღოლები მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა. მძღოლების განცხადებით, ისინი სადგურის ტერიტორიაზე მაღალი გადასახადის გამო ვერ ჩერდებიან, ამიტომ წლების განმავლობაში ტროტუარის მიმდებარედ საპარკინგე ნაწილზე იდგნენ, თუმცა გასული წლის ბოლოს დახაზული ადგილები გაუქმდა და გაჩერება აიკრძალა. აქციაზე მათ მერიისგან მიღებული წერილი წარმოადგინეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, გამწვანების მოწყობაა დასახლებული. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში სადგურის მიმდებარედ გაჩერების უფლება არ დაუბრუნდებათ, მძღოლები აქციის გამართვას მერიასთან გეგმავენ.

ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი, მიმდებარედ კი 10 ადგილი გამოყო. თუმცა, მისი განცხადებით, ტაქსის მძღოლები შეთანხმებას არღვევენ და ამ ტერიტორიას საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ.

 

დატოვე კომენტარი