აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. 161-ე დღეა, მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და ხეობიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ. დღეს დილიდან ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, სამართალდამცველების მობილიზებაა, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. ხეობაში გზა დაკეტილია და  შიგნით არავის უშვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკას“ ახალი ხელმძღვანელი გუშინ ხეობაში ადგილობრივებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოამბე