აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. ისინი კვლავ იმ მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება უკვე გაუწია. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილების თქმით, პრეპარატი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მშობლების განმარტებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფოსგან დადებით პასუხს არ მიიღებენ.