აქცია-მსვლელობა თბილისში 

ევროპის დღეს აქციებით და მარშებით აღნიშნავენ თბილისში.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდამჭერებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროპის მოედანზე არიან შეკრებილი. მანამდე კი იყო ფეხით მსვლელობები რამდენიმე ადგილიდან.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „ჩვენი ძალა ევროპაშია“ – ამ ლოზუნგებით მიმდინარეობს აქცია, რომლის მთავარ მიზნად მონაწილეები ევროკავშირში ინტეგრაციას და ხალხის ისტორიული არჩევანის კიდევ ერთხელ დემონსტრირებას ასახელებენ. ადგილზე შეკრებილთა აზრით, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კონსტიტუცია დაარღვია და ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. ევროკავშირში გაწევრიანების და ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების გზა დღევანდელი მარშების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის არსებული ხელისუფლების შეცვლაზე გადის.