ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით სვანების მარში გაიმართა. „ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი წესია“, „უბატონო სვანები არ გაბატონებთ“ – ამ და სხვა წარწერების მქონე ტრანსფარანტებით გამოვიდნენ დღეს სვანები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთის ხალხი უერთდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ პროტესტს. მათი მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნება და აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება.
იგივე მოთხოვნებით აქცია-მსვლელობა გამართეს ქუთაისელებმა. აქციის მონაწილეები გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით გადაადგილდნენ. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნების გარდა, აქცია-მსვლელობის მიზანია, რომ სხვა ადამიანებსაც მიაწვდინონ ხმა, რომ ისინიც შეუერთდნენ პროტესტს.