ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გრძელდება. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, უკრაინის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ, რის შემდეგაც, უკვე ხვალ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობა დაიწყება, რომლის ავტორიც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავაა. დეპუტატის თქმით, ქართული მხარის მიზანია, რომ ეს რეზოლუცია საბოლოო დეკლარაციაში აისახოს და პრობლემის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება მოხდეს.

თავის მხრივ რუსეთის ფედერაციამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება რეზოლუციის პროექტის მიმართ და მისი დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა პროექტს მხარი დაუჭირეს, შესაბამისად ის განსახილველ თემებს დაემატა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მიესალმება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის აუცილებლობას.