აქცია მესტიაში

საპროტესტო აქცია ზემო სვანეთში.

მესტიაში მერიის შენობის წინ კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სესხების უპროცენტო გადავადებას ითხოვენ. მათი თქმით, „კოვიდ-19“-ის  პანდემიის გამო სვანეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და მათ სესხების გადახდის საშუალება არ აქვთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკები კერძო საკუთრების ჩამორთმევით ემუქრებიან. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, აქციები მომავალშიც გამართონ. მესტიაში კერძო სასტუმროების მფლობელებმა აქცია ორჯერ გამართეს. მათ ცენტრალური გზაც ჰქონდათ გადაკეტილი. გაიმართა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ დაპირებები აქვთ, კონკრეტული შედეგი კი არ ჩანს. აქციის მონაწილეებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, პროცენტის სუბსიდირების, თუმცა სესხების შეჩერება რთული საკითხია, რომელზეც მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.