აქცია კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ პარიზში

პარიზში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციებში მონაწილეობას ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებიც იღებდნენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს აპროტესტებდნენ და მთავრობას დიქტატურის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. პარიზის გარდა, დემონსტრაციები მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაშიც გაიმართა. საფრანგეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს „ჯანმრთელობის საბუთის“ შემოღებისა და „ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის“ შესახებ კანონპროექტებს უნდა უყაროს კენჭი.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა საბერძნეთშიც. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, მიმდინარე თვეში უკვე მესამედ შეიკრიბა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი