აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, დაპირების მიუხედავად, ბავშვებს დღემდე არ მიუღიათ სპეციალური სენსორული აპარატები, რომლებიც სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. აქციის მონაწილეების განცხადებით, აპარატები 1 300-მდე არასრულწლოვანს უკვე უნდა ჰქონდეს. აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, ამ წუთებში კი ისინი მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ხვდებიან. მანამდე, თემაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კომენტარი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, „მოამბის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. გაბუნიას განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი ამ წლის 15 იანვარს დამტკიცდა, შესაბამისად ჯერ-ჯერობით ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სენსორულმა აპარატებმა გლუკომეტრები უნდა ჩაანაცვლოს, რომლითაც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა დღეში რამდენჯერმე, ნემსის ჩხვლეტის გზით ხდება. ახალი მოწყობილობა კი 24-საათიანი მონიტორინგის ფუნქციას მარტივად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე ასრულებს.