აქცია ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტროსთან ტიპი ერთი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა ქვეყანაში ინსულინ „ნოვორაპიდის“ მარაგების არ ქონისა და პრეპარატის პერმანენტული დეფიციტის მიზეზით ჯანდაცვის სამინისტროში აქცია გამართეს და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ სამინისტროს ფოიეში შესვლას წინააღმდეგობა და მცირედი დაპირისპირებაც მოჰყვა, საბოლოოდ მათ აქცია სამინისტროს შესასვლელში გამართეს. მათი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ინსულინის სამყოფი დოზების რაოდენობა უმცირდებოდათ, ბოლო კვირებში კი საერთოდ ვეღარ მიიღეს კუთვნილი მედიკამენტი, რაც მათი თქმით ინსულინის დეფიციტითაა გამოწვეული. თავად მედიკამენტის მარაგების ამოწურვის მიზეზად ისინი ჯანდაცვის უწყების მიერ დაგვიანებით გამოცხადებულ ტენდერს ასახელებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნის შედეგად, მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ ინსულინის მარაგები ქვეყანაში შაბათს ჩამოვა, ხოლო ორშაბათიდან მისი შესაბამისი განრიგით გაცემა დაიწყება.