აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

სოფელ ძველ ვეძისში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფლის გზის რეაბილიტაციას, ნაგვის ურნების განთავსებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარების მიზნით, თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში განუმარტეს, რომ საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სოფელში საკმარისი ხალხი არ ცხოვრობს. საბურთალოს რაიონის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის ცნობილია და პრიორიტეტების გათვალისწინებით იმოქმედებენ. აქციაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.