ხელისუფლებისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ამოიწურა – ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია გვიან ღამით ისე დასრულდა, რომ ორგანიზატორებს ადგილზე შეკრებილებისთვის მომდევნო სამოქმედო გეგმა არ გაუცნიათ. გზავნილია, რომ გეგმა და სტრატეგია ეტაპობრივად იქნება წარმოდგენილი. რა გზებით ესახებათ მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ლიდერებს მთავრობის გადაყენება და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება, იყო თუ არა მოძრაობის და აქციაზე მდგომთა მოთხოვნები ერთმანეთთან თანხვედრაში და რატომ ვერ მოახერხეს ორგანიზატორებმა პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების შენარჩუნება – ეს არის კითხვები, რის გამოც მოძრაობის წევრებს დილიდან განმარტებების გაკეთება უწევთ. ხელისუფლებისთვის გუშინდელი აქციით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და აქციის ორგანიზებაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი საბოლოოდ წაიშალა, ოპოზიციის ნაწილი კი ორგანიზატორების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს და ფიქრობს, რომ გეგმის არ არსებობის და არათანმიმდევრულობის გამო მოძრაობამ ემოციური მუხტი ხელიდან გაუშვა.