აქცია განათლების სამინისტროსთან

18:25, 01.10.2026

განათლების სამინისტროსთან 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების აქცია დასრულდა. მათ უწყებაში განცხადება წარადგინეს. შეკრებილები მოსწავლეების ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ, სადაც, მათი თქმით, სკოლა გაერთიანდება. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ საგაკვეთილო პროცესი დილის ცვლაში ჩატარდეს. მშობლების განმარტებით, მათ ალტერნატიული ფართი, კედიას ქუჩაზე მოძებნილი აქვთ და ითხოვენ რომ მისი ქირა განათლების სამინისტრომ გადაიხადოს. ამ მოთხოვნით მშობლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და განცხადებასთან ერთად სამინისტროში მინისტრის სახელზე დატოვეს. შეგახსენებთ შენობის ავარიულობის მიზეზით, 166-ე საჯარო სკოლაში სწავლა უკვე მესამე წელია შეწყვეტილია. მოსწავლეები კი ორ სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებული. გაკვეთილები ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში უტარდებათ. თავდაპირველად მშობლები და პედაგოგები 166-ე სკოლის შენობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გადახედვას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ შენობას არა დემონტაჟი, არამედ რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ორი დღის წინ მათ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მსგავსი