კულტურის სფეროს წარმომადგენლები დღეს ეროვნულ გალერეასთან შეიკრიბნენ. მთავარ მოთხოვნად გაჟღერდა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება; ასევე, ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს თან ჰქონდათ მიტანილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ ეროვნული გალერეის დირექტორთან მოითხოვეს შეხვედრა, რათა ეს დროშები გალერეის შენობაზე აღემართათ, მაგრამ შენობა დაკეტილი დახვდათ.
ადგილზე მოხდა ინციდენტი. პლატფორმა „პუბლიკის“ ჟურნალისტის, მინდია გაბაძის განცხადებით, მას თავს დაესხნენ უცნობი პირები. „პუბლიკა“ ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს რომ ტერიტორიას სირბილით ტოვებს რამდენიმე მამაკაცი, შემდეგ კი ჩანს ტროტუარზე დაცემული მინდია გაბაძე. კადრში ჩანს, რომ მიმდებარედ, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.