მრავალათასიანი სამოქალაქო პროტესტის მე-12 ღამე პარლამენტთან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის დატოვეს. აქციაზე გამოჩნდნენ თვითორგანიზებული ე.წ. მოხალისეთა რაზმებიც, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ ჩაიარეს. გუშინ ღამით სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებიათ, ადგილზე მათი მობილიზება მხოლოდ თავისუფლების მოედანზე შეინიშნებოდა. თუმცა, აქციის დაშლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.
აქციის მონაწილეები თითქმის ორი კვირაა, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. თბილისსა და რეგიონებში გამართული აქციების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.