აქცია დავით დოიაშვილის მხარდასაჭერად

ვასო აბაშიძის თეატრიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება გვიან ღამით, თეატრის წინ გააპროტესტეს. დოიაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ დასის წევრები, მისი კოლეგები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პარალელურ რეჟიმში, თეატრში მიმდინარეობდა დასის წევრების მოლაპარაკება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. როგორც თავად დოიაშვილმა თეატრთან შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. განმარტა ისიც, რომ თეატრის გაფიცვის მიზეზი ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა იყო. შეხვედრის შემდეგ, განცხადება გააკეთეს დასის წევრებმა, რომლებმაც დავით დოიაშვილის გათავისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. მათი განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ და არ აპირებენ დავით დოიაშვილის გაშვებას თეატრიდან და იდგებიან მასთან გამარჯვებამდე. განცხადების შემდეგ, შეკრებილებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.