ჭავჭავაძის გამზირზე აქცია დასრულებულია – საავტომობილო მოძრაობა ვარაზისხევზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე უკვე აღდგენილია. სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ გამთენიისას მოუწოდეს და ამისთვის მათ 15 წუთი მისცეს. დადგენილი დროის გასვლის შემდეგ, პოლიცია მონაწილეების მიმართულებით მწყობრი სვლით დაიძრა, შეკრებილებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს. თუმცა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მაინც მოხდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი უარს ამბობდა გზის სავალი ნაწილის დატოვებაზე. ნაწილმა მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეებმა ღამე მსჯავრდადებულ მათე დევიძის მხარდასაჭერად გაათენეს. რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო გზები გადაკეტილი იყო ვარაზისხევზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე, სადაც სასამართლოდან გადაინაცვლეს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.