აქცია ბორჯომში

ბორჯომის პირველი და მეორე ქარხანა ამ დრომდე პიკეტირებულია. აქციის მონაწილეებს შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი და ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. მობილიზებულია პოლიციაც. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შეხვედრა აქციის მონაწილეთა ნაწილის, პროფკავშირების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორს შორის. დისკუსია მედიისთვის დახურულია. მოთხოვნები უცვლელია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე  დაბრუნებას ითხოვენ. შეხვედრის დაწყებამდე კი დილიდან ადგილზე იყო  ხმაური. მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. აქციის პარალელურად, განცხადება გაავრცელა კომპანიის ხელმძღვანელობამ, სადაც აღნიშნულია: „კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით.  ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“.