მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ.
ადგილობრივებმა დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, სადაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე შეგროვდა 5 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომელსაც მიმართვასთან ერთად, პრემიერ-მინისტრს გაუგზავნიან.
აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ.
დღევანდელი საპროტესტო აქცია ბათუმის ცენტრალურ პარკში კულტურული სანახაობების ფონზე მიმდინარეობს. გამოფენილია ხეობის ამსახველი ფოტოები, აქციაზე მისულ მოქალაქეებს ადგილობრივი კერძებითა და ღვინით უმასპინძლდებიან.