თავისუფლება მზია ამაღლობელს – ამ მოთხოვნით, ჟურნალისტებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია ბათუმში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გამართეს, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უწყებამ დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაკეთებულა განცხადება და არ არის ცნობილი, შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რასაც ჟურნალისტები მე-5 დღეა ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა დაჩქარდეს გამოძიება იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციის უფროსის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს, მან საკუთარ რედაქციას წერილი გამოუგზავნა და ბრძოლისკენ მოუწოდა.