ანზორ ერქომაიშვილის დაჯილდოება

ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება.

ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ჯილდო გამოჩენილ მომღერალსა და ანსამბლების, „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, პრეზიდენტმა გადასცა.

ანზორ ერქომაიშვილს ხვალ, 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება. საიუბილეო საღამო ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი. ამასთან საქართველოს პირველმა არხმა ანზორ ერქომაიშვილის იმ ჩანაწერების გაციფრულება დაიწყო, რომლებიც საქართველოს რადიოს ოქროს ფონდსა და ვიდეო-არქივშია დაცული.

სოფელ აცანაში სტუმრობამდე, პრეზიდენტი ზემო აკეთს ეწვია, სადაც საექსპედიციო ჯგუფმა, აკეთის თემის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე ცნობილი მომღერლების საფლავები აღმოჩინა.