ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ხელოვანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“; ჩაწერა ასობით ფირფიტა ქართული ხალხური სიმღერებით, უცხოეთის საცავებსა და არქივებში უნიკალური, უძველესი ჩანაწერები მოიძია და აღადგინა. ანზორ ერქომაიშვილმა 70-იან წლებში დააფუძნა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“ და აღზარდა ქართველი ფოლკლორისტებისა და ხალხური სიმღერების შემსრულებელთა არაერთი თაობა.

ივანე ჯავახიშვილის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატის 80 წლის იუბილე გასულ წელს აღინიშნა. ცნობილი ლოტბარი, მომღერალი და კომპოზიტორი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. იუბილესთან დაკავშირებით, ანზორ ერქომაიშვილმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო საქართველოს პირველი არხისგანაც. ტელევიზიამ მისი უნიკალური ჩანაწერების გაციფრულება და ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო.