ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ამბავი, რომელმაც დღეს მთელი საქართველო დაამწუხრა. ქვეყანა ანზორ ერქომაიშვილს ემშვიდობება.

80 წლის ასაკში ცნობილი ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ფასდაუდებელია. სიმღერისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ბაბუის, ცნობილი ლოტბარის და მგალობლის, არტემ ერქომაიშვილის დამსახურებად მიიჩნევდა. როცა 7 წლის ასაკში ოზურგეთიდან თბილისში ოლიმპიადისთვის ჩამოსულმა, ტრისტან სიხარულიძესთან ერთად ოპერის სცენაზე კრიმანჭული შეასრულა, მთელი დარბაზი ფეხზე დამდგარა. წლების განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მაგნიტოფონით დადიოდა, ეძებდა და აგროვებდა ხალხურ სიმღერებს და იწერდა ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს პირველმა არხმა მისი უნიკალური ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა დაიწყო. „თუ ჩემს საქმეს გააგრძელებენ ჩემი გაზრდილები, ნუღარ შევაფასებთ, მაშინ მე დიდხანს ვიცოცხლებ“, – ეს ფრაგმენტია ჩვენი ტელევიზიისთვის მიცემული ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან.