ანულირებული შეთანხმება - პოლიტიკური შეფასებები

ხელმოწერიდან თითქმის სამი თვის თავზე შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად და ამოწურულად ცხადდება.

მმართველი პარტიის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს, ნაწილი პარლამენტის დატოვებას და თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს. საერთო საპასუხო სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც დოკუმენტზე ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი. რაც შეეხება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზებს „ქართული ოცნება“ დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტს შესრულებულად აცხადებს და ფიქრობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ხელმოწერაზე უარის ფონზე მმართველი გუნდი შეთანხმების მიმართ ცალმხრივ ერთგულებას იჩენდა. დოკუმენტიდან გასვლით მოახლოებულ არჩევნებზე 43%-იანი დათქმაც აღარ არსებობს, ანუ შემოდგომაზე 43%-ზე ნაკლები ხმების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებისგან თავისუფლდება. სწორედ მეხუთე პუნქტს უკავშირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი სახელისუფლებო გუნდის დღევანდელ ნაბიჯს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი გადაწყვეტილებაში „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობასაც ხედავენ.