ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დეტალები

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საერთაშორისო დონეზე ძებნილი ტერორისტი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, ახმედ ჩატაევმა 22 ნოემბერს, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს თავი აიფეთქა. პირველად ჩატაევის გვარი საქართველოს მოსახლეობამ 2013 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გაიგო. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს იგი სირიაში გადავიდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა. სწორედ დაეშთან კავშირის გამო ამერიკამ ჩატაევი ტერორისტთა სიაში რამდენიმე სახელით შეიყვანა – მათ შორისაა ახმად შიშანი, დევიდ მაიერი და ელმირ სენე. მთავარ კითხვებს, რომლებიც 22 ნოემბრის შემდეგ გაჩნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ჩატარებულ ბრიფინგზეც ვერ გაეცა პასუხი: ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული კიდევ ორი პირი და როგორ, ან რა მიზნით შემოვიდა დანაშაულებრივი დაჯგუფება საქართველოში.

გურამ როგავას რეპორტაჟი.