ანტირასისტული აქციები პარიზსა და ლონდონში

პარიზსა და ლონდონში ანტირასისტულ აქციებზე, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილი პოლიციას ბოთლებს, ქვებსა და სხვადასხვა საგანს ესროდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ  სისტემური რასიზმის ნიშნები და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები საფრანგეთშიც არსებობს. ფრანგი დემონსტრანტები 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობასაც აპროტესტებენ, რომელიც პარიზში, 2016 წელს, პოლიციის მიერ  ძალის გადამეტების  შედეგად გარდაიცვალა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ლონდონშიც. ბრიტანული მედიის ცნობით, მემარჯვენე აქტივისტების ნაწილი პოლიციას დაესხა თავს. დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ლონდონში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ჩვენს ქუჩებში რასისტული თაღლითობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იერიშს მიიტანს პოლიციაზე, კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“. რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ 46 წლის აფროამერიკელი,  ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი