ანტინარკოტიკული რეფორმა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საკითხი სენსიტიურია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოსავალი არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური, პრევენციული ღონისძიებებია.
პარტია „გირჩი“ კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებები შევა „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.