დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხი სენსიტიურია და კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს. კანონპროექტის მიხედვით, მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზეზი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ შედეგად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრაა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების„ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.