ანტინარკოტიკული რეფორმა
ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივის მიღებას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საკითხი სენსიტიურია და კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს. ინიციატივის ავტორების განმარტებით კი, მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზეზი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ შედეგად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრაა.