ანტინარკოტიკული რეფორმა - გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამჯერად ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ინიციატივას დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი, პარტია „გირჩში“ კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება ფაქტობრივად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები შევა „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი პირს 5 წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვის და ტარების უფლება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების„ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.