პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება. თვითდასაქმებულები კი ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
გიორგი გახარიამ ის ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. შეღავათები დაწესდება მეწარმეებისთვის. პრემიერის თქმით, ბიზნესი, დღგ-ს დაბრუნების მექანიზმით, 600 მილიონ ლარს მიიღებს.
გარდა ამისა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა დამატებით 500 მილიონი ლარი. კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი მიეწოდებათ. გაიზრდება პროექტის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება. შეღავათები წესდება სოფლის მეურნეობით დაკავებული მოქალაქეებისთვის.