ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს იწყებს. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: მონიტორინგის მიზანია, დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირისა და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულობების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ფაქტზე მოკვლევა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის მიქირავებულ სახლთან დაკავშირებით. უწყებაში ასევე სიცრუე უწოდეს განცხადებას, თითქოს ხაზარაძეების ოჯახმა თავად აღმოაჩინა „ტექნიკური გაუგებრობა“ და საკუთარი ინიციატივით დაფარა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია.