ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა. ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი. ფესტივალის გახსნით ღონისძიებას, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რიგით მეთორმეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით თეა ახვლედიანმა მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ნიქოზში, საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოებას შორის, ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა, რომელიც თავად ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.