ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14 იყო წინააღმდეგი, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ სვლის აშკარა გარდამტეხი მომენტი. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას. თუმცა, ამის პარალელურად, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას. „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნების მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის პროექტს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.