ანდრო ჭიჭინაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა მოინახულა. დაკავებული სწორედ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს არაფერი ამოუღიათ. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ დაკავებულისთვის ბრალის წარდგენამდე მას საქმეზე წვდომა არ აქვს, ბრალის წარდგენა კი, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებული გამოძიების ფარგლებში გუშინ აიყვანეს. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მანამდე მისსავე სახლში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა ჩატარდა. თბილისში პოლიციის დიღმის სამმართველოსთან მის მხარდასაჭერად ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ. მსახიობები ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას მის აქტიურ პოლიტიკურ განცხადებებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.